ლინდა აკრედოლო კალიფორნია დევისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი |
თამაში ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ატრიბუ-ტია. კალიფორნია დევისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ლინდა აკრედოლო თვლის რომ, თამაში ბავშვს აძლევს საშუალებას შეისწავლოს მის ირგვლის არსებული სამყარო, ჩაატაროს ბავშური ექსპერიმენტები, შეისწავლოს საკუთარი შინაგანი ემოციური სამყარო და განავითაროს სოციალური უნარები. მოზარდის განვითარების ყველა სტადიაზე სხვა და სხვა უნარების განვითარებაა საჭირო, შეგრძნების ყველა ორგანოთი მიღებული გამოცდილება, რომელიც განმეორებადია, შემეცნებისა და სწავლის საფუძველს წარმოადგენს და ის ჩვილობიდან იწყება.
ჟან პიაჟე 1896-1980
|
თუ ჟან პიაჟეს თეორიას დავეყრდნობით სასურველია სასწავლო
პროცესში როგორც სასწავლო მასალა ასევე თამაშებიც შერჩეულ იქნეს ბავშვის განვითარების
ზედა ზღვარის გათვალისწინებით.
მოვიშველიოთ ერიკ ერიქსონის განვითარების თეორია და ადამიანის განვითარების ასპექტების გათვალისწინებით დავადგინოთ მოზარდის განვითარების ზედა ზღვარი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ რა ტიპის თამაში იქნება საგანმანათლებლო, დიდაქტიკური და განმავითარებელი მოზარდისთვის. ერიკ ერიქსონის თეორიის მიხედვით განვითარების პირველი
სტადია განიხილება, როგორც ნდობა-უნდობლობის პერიოდი და ის განისაზღვრება 0-დან 1 წლამდე
ასაკით. ამ პერიოდში ჩვილის განვითარებისთვის ერთის მხვრივ
მნიშვნელოვანია დედობრივი მზრუნველობა და მეორეს
მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს სათამაშოს შერჩევას, იმისთვის რომ განვითარედეს სმენითი
ვექტორი სასურველია შევარჩიოთ მუსიკალური სათამაშოები, რომლებიც სასიამოვნო მელოდიებს
გამოსცემს და ჩვილის ყურადღებას იქცევს, მხედველობითი ფუნქციების განვითარებისთვის
სასურველია შევარჩიოთ ფერადი სათამაშოები რომლებიც ფერთა დიფერენციაციაში მიეხმარება ჩვილს რაც ვიზუალური
აღქმადობის განვითარების ხელშემწყობი
ფაქტორია, კინესთეტიური ფუნქციების
განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სათამაშოების მრავალგვარობა, სასურველია სათამაშოების
მასალის სხვა და სხვაგვარობა, მაგ. რეზინის სათამაშოს, ე.წ. პლასტმასის სათამაშოთი
ჩანაცვლება ჩვილისთვის ახალი შეგრძნებაა, ჩვენ ალბათ ყველას შეგვინიშნავს, რომ 10-11 თვის ჩვილი ისეთ ნივთებზე
იწყებს თამაშს როგორიცაა მაგალითად დომინოს ყუთი, თამაშის არსი კი დომინოს კენჭების
ყუთში მოთავსება ან ყუთიდან ამოღებაში მდგომარეობს, ამგვარად ვითარდება ჩვილის უხეში
და ნატიფი მოტორიკა, ახალ სათამაშოს ჩვილი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ეკიდება, რაც ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების
განვითარებას.
განვითარების შემდგომი (მეორე) სტადია გულისხმობს ერთიდან
სამ წლამდე პერიოდს, ერიკ ერიქსონი ამ სტადიას სხვაგვარად ავტონომია-დამოუკიდებლობის
სტადიასაც უწოდებდა. ამ პერიოდში ბავშვი სწავლობს სიარულს, გაღებას, დახურვას, სროლას,
სიარულს და. ა. შ. ამ ასაკში მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ბავშვის ნებისყოფა, განუვითარდეს
მოზარდს უხეში და ნატიფი მოტორიკა, შესაბამისად
თამაშებიც შერჩეულ უნდა იქნას ამ უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, აღსანიშნავია რომ
ეს პერიოდი ხასიათდება ეგოცენტრული თამაშიდან სოციალურ თამაშზე გადასვლის სირთულით. ეგოცენტრული თამაში გულისხმობს მოზარდის სათამაშოზე
მიჯაჭვულობას, ის ცდილობს ითამაშოს მარტომ საკუთარი სათამაშოებით, უჭირს საკუთარი სათამაშოების
განაწილება თანატოლებისთვის ორ წლამდე ამგვარი თამაში დომინირებს ბავშვის განვითარებაში,
განვითარების მომდევნო პერიოდში ის თავად ეძებს სოციალურ ურთიერთობებს, რა დროსაც აქტუალური
ხდება სოციალური თამაში, სოციალური თამაში ორიენტირებულია მოზარდის ვერბალურ, კოგნიტურ
და ფიზიოლოგიურ განვითარებაზე. სოციალური ურთიერთობებისა და სოციალური თამაშის დახვეწის
საუკეთესო საშუალებაა აღსაზრდელლის საბავშვო ბაღის სასწავლო პროცესში ჩართულობა. აქ
ბავშვი სწავლობს არა მხოლოდ ახალ გარემოსთან ადაპტირებას, არამედ სოციალურ ურთიერთობებს,
სათამაშოების განაწილებას თანატოლებისთვის, ამ ასაკში რეკომენდირებულია თამაშები რომლებიც
ორიენტირებულია უხეში და ნატიფი მოტორიკის, განვითარებისთვის.
ერიკ ერიქსონი 1902-1990 გერმანია |
განვიხილოთ მოტორული თამაში,
ანუ მოძრავი თამაშები, რომლებიც მიბაძვის საშუალებით ვითარდებაა, მაგ. გადაგდება, მოქაჩვა,
გაღება, დაკეტვა, ფურცლის დაქუცმაცება, დარტყმა, ჭრა, ხატვა. მოტორული თამაშების რიცხვს
მიეკუთვნება შინაარსიანი თამაშები სადაც წამყვანი ადგილი მოძრაობას უჭირავს მაგ. დაჭერობანა,
დახუჭობანა, წრეში ბურთი და ა. შ. ასეთი ტიპის თამაშები ავითარებენ მსხვილ და ნატიფ
მოტორიკას ბავშვის გონება ორიენტირებულია საკუთარი სხეულის შესაძლებლობების გაცნობაზე.დავუბრუნდეთ ერიქსონის
განვითარების თეორიის სტადიებს, მესამე სტადია მოიცავს 3-დან 6 წლამდე ასაკს, ამ პერიოდს
ერიქსონი ახასიათებს როგორც ავტონომიურობა-ინიციატივის სურვილის ასაკს. 4 წლიდან ბავშვებს
საკუთარი თავის გამოცდის და სხვებთან შედარების სურვილი უჩნდებათ. ეს სწორედ ის ასაკია
როდესაც მოზარდი ეგოცენტრული თამაშის ხანას ასრულებს და სოციალურ თამაშს იწყებს. მოძრაობა
ადამიანის ერთერთი მთავარი მოთხოვნილებაა, ეს მოთხოვნილება არ უნდა შეიზღუდოს, რადგან
ამ დროს ისინი არა მხოლოს საკუთარ მოტორულ არამედ გონებრივ შესაძლებლობებსაც ავარჯიშებენ, 4-დან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებულია
ე.წ. ჯგუფური, კონსტრუქციული რეცეპტული და ექსპრესიული თამაშები.
ჯგუფური თამაშებს მიეკუთვნება ბურთით თამაშები, სამაგიდო (ლოტო, მემო) გამოცანები, თამაში ახვეული თვალებით. სოციალური კომპეტენციები თამაშით ისწავლება და ვარჯიშდება: ბავშვი სწავლობს პატივისცემას, მადლიერებას, თანაგრძნობას.
კონსტრუქციულ თამაშებს
განსაკუთრებული მნიშვნელობა
5 წლიდან ენიჭება, ამ თამაშების რიცხვს მიეკუთვნება თამაში ფაზლით, კუბურებით რა დროსაც
ვითარდება კონცენტრაცია და შემოქმედებითობა, კანონზომიერების, მიზეზ-შედეგობრიობის
აღქმა.
რეცეპტულ და ექსპრესიული
თამაშების არსი მდგომარეობს
დასურათებული წიგნების დათვალიერებაში, ზღაპრების დახატვაში, მოსმენილი ზღაპრების თხრობით
გადმოცემაში, როლურ თამაშებში. ამ თამაშების საორიენტაციო განვითარების სფეროს წარმოადგენს
ვერბალური მარაგის გამდიდრება, სამეტყველო კომპეტენციის გაფართოება, ფანტაზიის უნარის
გააქტიურება და ფანტაზიის საშუალებით ნანახისა და გაგონილის გადმოცემა, რაც საერთო
ჯამში ხელს უწყობს ბავშის კოგნიტურ განვითარებას.
ზემოთჩამოთვლილ თამაშებს
ძირითადად დიდაქტიკური დატვირთვა აქვს, არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიამოვნების თამაშებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ბავშვის
განვითარების ზედა ზღვარის გააქტიურებაში.
სიამოვნების თამაშებს
მიეკუთვნება ჭიდაობა,
,,სულელური” ისტორიების მოგონება, ,,ჭყუმპალაობა“, სასაცილო სურათების დათვალიერება
ან ხატვა, არარეალური სიტყვების ან რითმების მოგონება. ამგვარი თამაშები სოციალურ-ემოციური
სფეროს, მეტყველების, მოძრაობის, რეაგირების უნარის განვითარებას უწყობს ხელს, ასევე
ხელს უწყოს მოტივაციის აქტივირებას, საერთო ჯამში კი ასეთი თამაშები განვითარების ბევრ
სფეროს მოიცავს. რაც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით
მივხვდებით, რომ სწორედ ეს არის ის თამაშები, რომელშიც ბავშვები თავის თავს ავარჯიშებენ
და უფრო ხშირად განვითარების ყველა სფეროს მოიცავენ.
ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ
თამაშებზე და მათ მნიშვნელობაზე სკოლამდელი ასაკის ბავშვის ცხოვრებაში და თითქოს ყურადღების
მიღმა დაგვრჩა თამაშის ორგანიზატორი. ვინ შეიძლება იყოს ის? თამაშების ორგანიზება საბავშვო
ბაღში ძირითადად აღმზრდელ- მასწავლებლის მიერ ხდება, მისი როლი უმნიშვნელოვანესია ბავშვის
განვითარებაში, რადგან მასწავლებელმა უნდა შეძლოს სწორად გაანაწილოს ყურადღება მოზარდებზე,
ჩაერთოს და ორგანიზება გაუწიოს თამაშს, აღსაზრდელებს მიეხმაროს თამაშის წესების დაცვაში,
კონკურენციის დროს მოტივაციის ამაღლებაში,
ასწავლოს მათ ურთიერთპატივისცემა, თანადგომა და თანასწორობა, ეს ერთი შეხედვით მარტივი
საქმიანობა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღმზრდელობა სინამდვილეში დიდ პასუხისმგებლობას,
ნებისყოფასა და საქმის უანგარო სიყვარულს მოითხოვს, ამდენად ბავშვის სასკოლო მზაობა
მეტწილად დამოკიდებულია აღმზრდელ-მასწავლებლის უნარზე შეაყვაროს სწავლა და მოამზადოს
ბავშვი სასკოლო სწავლასთან ადაპტირებაში.
ადამიანის განვითარების
მეოთხე სტადიას ერიკ ერიქსონი შრომისმოყვარეობა-არასრულფასოვნებას უწოდებდა, ეს ხანა
6-დან 11 წლამდე ასაკს მოიცავს ანუ პერიოდს, როცა ბავშვი ახდენს ადაპტირებას ახალ სასწავლო
გარემოსთან და იწყებს სასკოლო პროგრამის დაუფლებას.
თანამედროვე სასწავლო
პროგრამები მდიდარია სახალისო თამაშებით, რომლებიც ეხმარებიან მოზარდს ახალი სასწავლო
მასალის ათვისებაში, გარდა ამისა ინტერნეტში
თქვენ შეგიძლიათ უამრავი ანიმაციური ფილმი იხილოთ რომელიც ახალისებს ბავშვს მაგ. ანბანის,
მარტივი არითმეტიკული სავარჯიშოების შესწავლაში, მსგავსი ტიპის ვიდეო გაკვეთილებს სკოლის
პედაგოგებიც ხშირად უჩვენებენ მოსწავლეებს გაკვეთილის მსვლელობისას. როგორც ერიკ ერიქსონი
აღნიშნავს, შრომისმოყვარეობის განვითარებას ხელს უშლის არასრულფასოვნების განცდა, შესაბამისად
განვითარების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსწავლემ დაძლიოს არასრულფასოვნების განცდა,
რათა ის განვითარების შემდგომ სტადიაზე არასრულფასოვნების კომპლექსად არ ჩამოყალიბდეს.
განვიხილოთ თამაშები რომლებიც მოზარდს არასრულფასოვნების განცდის დაძლევაში ეხმარებიან,
ამ კატეგორიის თამაშებს მიეკუთვნება ე.წ. გამოცანა თამაშები.
გამოცანა თამაშების არსი მდგომარეობს ზღაპრების
გამოცნობაში, პერსონაჟების ამოცნობაში, რითმიან
გამოცანებზე სწორი პასუხის გაცემაში. ეს თამაშები გარდა იმისა, რომ ავითარებს კოგნიციისა და მეტყველების უნარს ორიენტირებულია ბავშვის მოტივაციის ამაღლებაზე,
თითოეული სწორი პასუხი, რომელიც წახალისებული იქნება მასწავლებლის შექებით, მოსწავლეს
თავდაჯერებულობას შემატებს, რაც ავტომატურად მიეხმარება ბავშვს არასრულფასოვნების განცდის
დაძლევაში.
კვლავ ერიკ ერიქსონის
თეორიას დავუბრუნდეთ და განვიხილოთ განვითრების მეხუთე სტადია რომელიც 12-დან 18 წლამდე ასაკს მოიცავს და რომელსაც ერიქსონი პიროვნების
იდენტობა - როლების აღრევა ასე განმარტავდა. ამ სტადიაზე მოზარდი ცდილობს საკუთარ თავში
გარკვევას და სვამს კითხვას _ ვინ ვარ მე, როგორც შვილი, და, ძმა, მოცეკვავე, სპორტსმენი
და ა. შ. განვითარების ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური თამაში რომელიც შეიძლება მოზარდს
შესთავაზო არის ე. წ. როლური თამაშები.
როლური თამაში ანუ სიმულაცია არის თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი,
იგი გულისხმობს სიტუაციის ხელოვნურად შექმნას, რომელიც რეალობის მსგავსია. როლური თამაშები
სწავლების აქტიური ფორმაა, ამ დროს მოზარდები არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც
აქტიურები არიან. მათ საშუალება აქვთ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები, ემოციები,
რაც აადვილებს სწავლის პროცესსა და მასალის ათვისებას.
სხვა ადამიანის როლის
თამაშით ბავშვები შეძლებენ ერთსა და იმავე პრობლემას, რამდენიმე განსხვავებული კუთხით
შეხედონ, რაც მათ თვალსაწიერს განუვითარებს. როლი შესაძლოა განსხვავებული იყოს შემსრულებლის
ხასიათისგან ან ძალიან ჰგავდეს მას. როლების გაცვლით შესაძლებელი ხდება მოზარდები ერთმანეთის
გრძნობებსა და
ფიქრებს ჩასწვდნენ, რაც მათ გარდა იმისა, რომ ასწავლის ემპათიის, თანაგანცდის,
ტოლერანტობის ემოციების ექსპრესიას , უვითარებს კრიტიკულ, შემოქმედებით, აზროვნებას,
ეხმარება კომუნიკაციური უნარების განვითარებაში, აძლევს მათ საშუალებას იყვნენ საკუთარი
შესაძლებლობების ობიექტური შემფასებელნი, გადააფასონ საკუთარი უნარ-ჩვევები, ნაწილობრივ
მაინც გასცენ ამ ასაკისთვის ჩვეულ კითხვას ,,ვინ ვარ” პასუხი, ამგვარი თამაშები ზოგჯერ
მოზარდს პროფესიის არჩევასა და საკუთარი თავის აღმოჩენაში ეხმარება.
ერიკ ერიქსონის განვითარების თეორიის შემდგომი სტადიები
მეექვსე სტადია (სიახლოვე, ინტიმურობა _სიმარტოვე, იზოლაცია) 18-დან 35 წლამდე ასაკს,
მეშვიდე სტადია (ზრუნვა, გენერაციულობა-სტაგნაცია) 35-დან 64 წლამდე ასაკს, ხოლო მე-8
სტადია (ეგოს მთლიანობა-სასოწარკვეთილება) 65 წელს ზემოთ ასაკს მოიცავს, განვითარების
ამ ეტაპებზე ადამიანები თანდათანობით შორდებიან თამაშის ასაკს, თუმცა თავისუფალ დროს
ზოგჯერ უფროსებიც თამაშობენ მაგალითად ლოტოს ან ჭადრაკს, განსაკუთრებით აქტუალური თანამედროვეობაში
კომპიუტერული თამაშებია, ზოგიერთმა შესაძლოა
ტენისის კორტებსაც მიაშუროს, თუმცა მეტწილად განვითარების ბოლო სამი სტადიისათვის თამაში
არააქტუალური ხდება. ზოგიერთი მკვლევარი თვლიდა, რომ თუ ადამიანმა თამაშის ხანა ვერ
ამოწურა მოზარდობის პერიოდში, შესაძლოა მას ეს პერიოდი გაუხანგრძლივდეს, ასეთ ადამიანებს
ინფანტილური სინდრომის მქონე ადამიანებად მოიხსენიებენ, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი იმასაც
მიიჩნევს, რომ ყველა განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანში არის რაღაც ბავშვური, ჩემი
მოსაზრება ამ მეორე შეხედულებას ემთხვევა და მიმაჩნია, რომ ვიდრე ადამიანს რომელიმე ,,იარლიყს" მივაკრავთ კარგად უნდა დავაკვირდეთ საქმე რაიმე განსაკუთრებული ნიჭის მქონე
ადამიანთან ხომ არ გვაქვს.
თამაში ბავშვს მომავალი
საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ამზადებს, თამაშის სხვა და სხვა ფორმები სხვა და სხვა
ასაკისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ისინი მნიშვნელობას მთელი ცხოვრების განმავლობაში
არ კარგვენ. ნებისმიერ ინფორმაციას, უფროსებიც კი უფრო ადვილად იღებენ, როცა ინფორმაციის
მიღების პროცესში ყველა გრძნობათა ორგანოა ჩართული. თამაშის სხვა და სხვა თეორიები
(ფოებელი, პიაჟე, შტერნი, ბიულერი, ლაზარუსი) ხაზს უსვამენ თამაშის გარკვეულ ასპექტებს.
მაგ: უფროსის როლის მორგება თამაშისას, ხალისით გარკვეული საქმიანობის კეთება, სტრესისგან
გათავისუფლების საშუალება და გამოუყენებელი ძალების გააქტიურება, თამაში როგორც ცხოვრების
სარკე, ყველა ამ თეორიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი თამაშის შესახებ. ყველაზე კარგად
თამაშის მნიშვნელობა მარია მონტესორმა აღწერა: დამეხმარე იმაში, რომ გავაკეთო მე თვითონ”,
იგულისხმება, რომ ბავშვმა თამაშით ყველაფერი შეიძლება შეიმეცნოს, თუ კი მას საკმარისი
სივრცე, დრო, შესაბამისი საგნები და საჭირო დახმარება ექნება უფროსის მხრიდან.
დასასრულ გთავაზობთ რამდენიმე
წესს რომელიც სასურველია ყველა უფროსმა გაითვალისწინოს:1)ბავშვები თამაშით სწავლობენ
, ამიტომ ნუ გააუფასურებთ თამაშის მნიშვნელობას. ისინი თამაშით ისეთ უნარებს ივითარებენ,
როგორიცაა: შემეცნებითი უნარები, მათემატიკური ანგარიშის უნარი (მაგალითად ისეთი თამაშის
დროს როდესაც სუპერმარკეტში სათამაშო ნაყინის ან შოკოლადის ყიდვას ცდილობენ), ფიზიკურ
შესაძლებლობებს, მდიდრდება მათი ლექსიკა, სწავლობენ სოციალურ ურთიერთობებს, სწავლობენ
წიგნიერების სიყვარულს. 2) თამაში ჯანმრთელობაა. თამაშით ბავშვი ჯანსაღი და ძლიერი
იზრდება, მოტორული თამაშები ხელს უშლის სიმსუქნის განვითარებას. 3) თამაში სტრესის შემამცირებელი საშუალებაა, თამაშის
დროს ბავშვი ემოციების ექსპრესიას ახერხებს, რაც ამცირებს შფოთვისა და აგრესიის დონეს.
4)თამაში გაცილებით მეტია ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ, რადგან ბავშვები სწავლობენ თამაშით,
ეზოში აქტიური თამაში მათი ჯანმრთელობის გარანტია. 5) აუცილებლად გამონახეთ დრო ბავშვის
თამაშისთვის ყოველ დღიურად, რადგან თამაში ეხმარება ბავშვს იყოს ორგანიზებული, ჯანმრთელი,
კომუნიკაბელური, განუვითარდეს კოგნიტური უნარები. 6) თამაში და სწავლა მეგობრები არიან,
ისინი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი მთლიანობა. 7)
თამაში ბავშვისთვის არის როგორც
მეცნიერისთვის ლაბორატორია სადაც ის ახალ ახალ აღმოჩენებს აკეთებს. 8) თამაში სუფთა
ჰაერზე. თამაში სანაპიროზე ქვიშით ან თოვლში ციგურებით არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობის
გარანტია, არამად ამგვარი თამაშები მოზარდის სასიამოვნო მოგონებებში წარუშლელ კვალს
ტოვებს. და ბოლოს ნუ დაგავიწყდებათ ერთი უკვე
მოძველებული და საკმაოდ ბანალური ფრაზა ,,ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ”. მიეცით
ბავშვს უფლება ითამაშოს თავისუფლად და მოახერხოს საკუთარი ფანტაზიის რეალიზება.